შინაარსზე გადასვლა

ჩივაძეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩივაძე — ქართული გვარი; ძირითადად, ქართლსა და იმერეთში გავრცელებული. ქართლში მცხოვრები ჩივაძეები, ისტორიულ წყაროებში იხსენიებიან სათარხნოს აზნაურებად.

გვარის წარმოშობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. გავრცელებული მოსაზრების მიხედვით ის უნდა მომდინარეობდეს ძველ საქართველოში გავრცელებული საკუთარი სახელიდან - ჩივა. [1]

მკვლევარი იაკობ ახუაშვილი ჩივაძეთა თავდაპირველ სამკვიდრო ადგილს რთულად დასადგენად მიიჩნევს, რადგან შუა საუკუნეებში მიგრაცია ფართოდ იყო გავრცელებული და შიშიანობის გამო ოჯახები, ასევე მთელი სოფელიც კი იყრებოდა. ის ჩივაძეს მოიაზრებს იმ გვარებში, რომლის წარმომადგენლებიც თავდაპირველად ქვემო ქართლში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი მტრის შემოსევებისაგან თავის დასაღწევად, სხვა რეგიონში უნდა გადასულიყვნენ. [2]

იოანე ბატონიშვილი, თავის ნაშრომში „შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადათა და აზნაურთა გვარებისა“, ჩივაძეებს სათარხნოს აზნაურებად იხსენიებს ( „სათარხნოს ადგილის აზნაურნი“)

ვიკიციტატა
„ამათი წინა-პარნი არიან მოსრულნი ჯავახეთით და ადგილისა გამო ცვლილების სახელისა როსტომ მეფის დროს 1592 წ. ჩივაძეთ უწოდესთ, რომელსა ძველად ვაჩიანელს უწოდნენ გვართა მათთა და არიან მცირე აზნაურნი და ტრაკტატსა შინა მოხსენიებულნი“ [3]

ჩივაძეები მოხსენიებული არიან გეორგიევსკის ტრაქტატზე (1783) დართულ ქართველ თავადაზნაურთა სიაში, როგორც თავად თარხნიშვილის აზნაურები („თავად თარხნისშვილის მოურაოვის აზნაურნი“).[4] თარხნიშვილები გიორგი სააკაძის შვილიშვილის, იორამის შთამომავლებს ეწოდათ, მას შემდეგ, რაც როსტომ ხანმა საგვარეულო სამფლობელო აღუდგინათ.

ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული არის XVII საუკუნეში მცხოვრები პაპუნა ჩივაძე, რომელიც გიორგი სააკაძის ამალაში ყოფილა და დახმარებას უწევდა მოურავს ქართლიდან გაქცევში, მას შემდეგ, რაც დიდებულებმა, 1610 წელს, წავკისში შეთქმულება მოუწყვეს და მისი მოკვლა განიზრახეს. ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი, თავის ნაშრომში „დიდი მოურავის გიორგი საკაძის ცხოვრება“ (დაწერილია 1848 წელს) პაპუნა ჩივაძეს სააკაძის ერთგულ მსახურად იხსენიებს და აღნიშნავს რომ „ჩივაძეების გვარი დღემდე არსებობს და სათარხნოს სამფლობელოში შემავალ სოფელ კავთისხევში ბინადრობს“.[5] [6][7]

მკვლევარი სერგი მაკალათია თავის ნაშრომში „კავთურას ხეობა“ (1960) გვაწვდის ეთნოგრაფიულ ინფორმაციას ეზატში მცხოვრები ჩივაძეების შესახებ:

ვიკიციტატა
ეზატი. სოფელი მდებარეობს კავთისხევის დასავლეთით, უწინ სოფელი ეკუთვნოდათ ჩივაძეებს, რომლებიც იმერეთიდან (საჩინოდან ) გადმოსულან. მათი წინაპარი ყოფილა პაპუნა ჩივაძე, რომელიც გ. სააკაძის ერთგული მსახური იყო. გიორგი სააკაძეს მისთვის ეზატის მამული უჩუქებია. პაპუნა გ. სააკაძეს ხლებია ოსმალეთშიც და როდესაც სააკაძე და მისი ამალა იქ ამოხოცეს, პაპუნა გამოქცეულა და აქ, ეზატში დასახლებულა. ჩივაძეს ეზატში საკუთარი კოშკი ჰქონია, საიდანაც ეს გვარი შემოსეულ ლეკებს ებრძოდა. ცხრა ძმა ჩივაძეს ცხრა ძროხად შეუძენია ერთი თოფი, დაუდგამს ციხეში, უსროლია ლეკებისთვის და ლეკები გაქცეულან. კოშკი შემოზღუდული ყოფილა მაღალი გალავნით. კოშკის საძირკველი და გალავნის ნაშთი ახლაც კარგად ატყვია. კოშკის ქვედა სართული სალოცავად ყოფილა გამოყენებული. შემდეგ ის დაუშლიათ და დავით ჩივაძის თაოსნობით ამ ადგილზე პატარა ეკლესია აუგიათ“ [8]

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზაქარია ჭიჭინაძე 1891 წელს, გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში იხსენიებს ოსმალეთში მცხოვრებ გამუსულმანებულ ჩივაძეს, რომლის წინაპრებიც დიდი ხნის გადასახლებული უნდა ყოფილიყვნენ ოსმალეთის იმპერიაში. [9]

1997 წლის მონაცემებით საქართველოში 524 ჩივაძე ცხოვრობდა (მათ შორის: თბილისში - 243, თეთრიწყაროში - 64, ქუთაისში - 55)[10]

2024 წლის სამოქალაქო რეეესტრის მონაცემებით, საქართველოში ცხოვრობს 483 ჩივაძე. მათ შორის:

გამოჩენილი ჩივაძეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ი. მაისურაძე., „ქართული გვარსახელები", თბ, 1979 წ.
  • იაკობ ახუაშვილი., „ქართული გვარსახელები“, თბ. 2005
  • იოანე ბატონიშვილი., „შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადათა და აზნაურთა გვარებისა“, თბ. 1997.
  • პლატონ იოსელიანი., „დიდი მოურავის გიორგი სააკაძის ცხოვრება“, თბ. 1977.
  • თფილელი იოსებ., „დიდი მოურავიანი“ , თბ. 1851
  • სილაგაძე ა. თოთაძე ა. „გვარ-სახელები საქართველოში“, თბ. 1997.
  1. ი. მაისურაძე, „ქართული გვარსახელები", თბ, 1979 წ. გვ. 199
  2. იაკობ ახუაშვილი, „ქართული გვარსახელები“, თბ. 2005, გვ. 87
  3. იოანე ბატონიშვილი., „შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადათა და აზნაურთა აზნაურთა გვარებისა“, თბ. 1997, გვ. 91.
  4. იაკობ ახუაშვილი „ქართული გვარსახელები“, თბ. 2005 , გვ. 814
  5. პლატონ იოსელიანი., „დიდი მოურავის გიორგი სააკაძის ცხოვრება“, თბ. 1977, გვ. 21, 60
  6. ანტონ ფურცელაძე., „ბრძოლა საქართველოს მოსასპობად და საქართველოს შესაერთებლად ანუ გიორგი სააკაძე და მისი დრო“, თბ. 1911. გვ. 136
  7. თფილელი იოსებ., „დიდი მოურავიანი“, თბ. 1851, გვ. 24
  8. სერგი მაკალათია., „კავთურას ხეობა“, თბ. 1960 გვ. 18
  9. გაზეთი „ივერია“., N 171, 1891 წლის 13 აგვისტო. გვ. 2.
  10. სილაგაძე ა. თოთაძე ა. „გვარ-სახელები საქართველოში“, თბ. 1997, გვ.218
  11. https://intpass.sda.gov.ge/NameStatistics.aspx?type=popular